დავით ნარმანიამ დიღმის მასივის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თარაშ შურღაია წარუდგინა
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დიღმის მასივის მოსახლეობას დღეს უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თარაშ შურღაია წარუდგინა და წინასაარჩევნო პროგრამა მასთან ერთად გააცნო. დიღმის მასივის მოსახლეობა სახურავების, სადარბაზოებისა და კორპუსებამდე მისასვლელი გზების შეკეთებას ითხოვს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მოუწესრიგებელი შუქნიშნების გამო დიღმის ტრასაზე ხშირად ხდება ავარია.
დღესვე დავით ნარმანია დიდუბის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ტერიტორიაზე მუშაობა შეუძლებელი ხდება, ბაზარს არ აქვს სახურავი, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაწესრიგებელია გზა, რის გამოც, წვიმის დროს მომხმარებელი ვერ გადაადგილდება. მათივე თქმით, წლების განმავლობაში არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, დედაქალაქის მერია დიდუბის ბაზრის ადმინისტრაციას ტერიტორიის კეთილმოწყობის ნებას არ აძლევს.
დავით ნარმანია დედაქალაქის მასშტაბით ბაზრების კეთილმოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს და გამარჯვების შემთხვევაში მოვაჭრეებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.