“ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სისასტიკე ყველაზე მძაფრად ზუგდიდში იგრძნობოდა“

    მეგრელებმა, იცით სამშობლოს ფასი, იცით ერთიანი საქართველოს ფასი, დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, და ამას თქვენ ყოველთვის, ყველა დროში ადასტურებდით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და ზუგდიდში მოსახლეობას მეგრულად მიესალმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი გაჭირვება და პრობლემები სწორედ სამეგრელოს დაატყდა თავს.
ღარიბაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად.
“თქვენ, მეგრელებმა, იცით სამშობლოს ფასი, იცით ერთიანი საქართველოს ფასი, დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, და ამას თქვენ ყოველთვის, ყველა დროში ადასტურებდით!
სამეგრელო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
სამეგრელო განთქმულია ღირსეული შვილებით, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირებით. სამეგრელოდან გამოსული ყველა გამოჩენილი მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეით სულდგმულობდა.
სულ ახლო წარსულს შეგახსენებთ. საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირა სიცოცხლე მერაბ კოსტავამ, სამშობლოზე ფიქრსა და ზრუნვაში ტრაგიკულად აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სწორედ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელი ქვეყანაა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას და ქედი მოვიხარო მათი უკვდავი სახელების წინაშე.
დიახ, ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი გაჭირვება და პრობლემები სწორედ სამეგრელოს დაატყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ, ყველაზე მეტად სამეგრელო დაიჩაგრა. კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში – უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ.
და, როდესაც სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, 2008 წელს ახალი უბედურება დაატყდა თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეგრელებმა ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძელით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გამძლეობისთვის და სიმტკიცისთვის.
მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ბედის ანაბარა დატოვა. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანა ომში ჩათრეული აღმოჩნდა.
სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, – ნამდვილად აღარ ვაპირებდი მელაპარაკა წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე, დაიღალა ხალხი ამის მოსმენით. მაგრამ ბოლო დროს ისინი ბედავენ და ისეთი რიხით ლაპარაკობენ, ისე უნამუსოდ, თითქოს ვინმეს დაავიწყდა ვისთან გვქონდა საქმე. ხალხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ გვაცხოვრა ნაციონალების ხელისუფლებამ. მათი წყალობით გვჭირდა ამდენი უბედურება, ქუჩაში ხალხის დახვრეტით დაწყებული, ციხის საშინელი ამბებით დამთავრებული. მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დაივიწყებს ადამიანების წამებას, საჯაროდ დაპატიმრებას და ამ სცენების ტელეშოუდ ქცევას, პირადი ცხოვრების თვალთვალს, წართმეულ ბიზნესს, ღამ-ღამობით გადაფორმებულ ქონებას, ათასობით უდანაშაულო ადამიანთან საპროცესო გარიგებას და უსახლკაროდ დარჩენილ და გაღატაკებულ ჩვენს მოსახლეობას. ან ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დარჩება დაუსჯელი.
“ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. ყველამ ნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ბიჭებს, კაცებს! ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ! ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა! მაგრამ მათი აღარავის სჯერა, ისინი ვეღარ მოატყუებენ ხალხს! ხალხმა თავად განსაჯოს, დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას.
მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ის, ვინც უნდა და მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც უნდა. მაგრამ მაინც გავიხსენებ, როდესაც დაგებულ გზებზე, შეღებილ ფასადებზე და აშენებულ სასტუმროებზე ლაპარაკობენ, გაიხსენონ რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი. ადამიანის ხარჯზე! ადამიანის ღირსების ხარჯზე!
გეკითხებით ხალხო, რამდენჯერ მოგეცათ ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენების საშუალება? რომელ თქვენგანს ჰქონდა საშუალება იმ კონცერტებზე დასწრების, რომლებშიც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მილიონებს იხდიდა?
თვითონ “ნაციონალებმა“ მონათლეს მაშინვე შეცდომად და სისტემის მარცხად ყველა საშინელება, რაც ციხეებში ხდებოდა. დღეს ამბობენ, შეგვეშალა, გამოგვრჩაო! არაფერიც არ შეეშალათ! ეს ყველაფერი თვითონ დაგეგმეს, ეს ყველაფერი მათი დავალებით ხდებოდა! ისინი წლების განმავლობაში სწორედ ამ სისტემას აშენებდნენ, აშენებდნენ შეგნებულად, რადგან მარტო შიშს, დაუნდობლობასა და ძალადობას შეეძლო მათთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მოტანა და მათი კეთილდღეობის გადარჩენა.
უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი სამეგრელო, უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი საქართველო. ქართველებმა ეს სირცხვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვირეცხოთ!
გპირდებით, რომ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ამიტომ მოვიკრიბოთ კეთილგონიერება და კანონის ძალით ვაგებინოთ პასუხი დამნაშავეებს. დღეს ბევრი გახმაურებული საქმეა, რომლის გამოძიების დასრულებასაც მოუთმენლად ველოდებით ყველა. მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს კანონის სრული დაცვით.
ნუ შეგეშინდებათ! ბოროტებას ამ ქვეყანაში გამარჯვება არ უწერია! ჩვენ ვდგავართ სიკეთის და სიმართლის მხარეს, და ვერავინ ვერ დაგვამარცხებს! საქართველოს ვერავინ დაამარცხებს!“,-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები