„სოზარ სუბარს ციხეებში წესრიგი უნდა უზრუნველეყო“
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მან სოზარ სუბარი იმ იმედით დაამტკიცა, რომ ციხეებში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფდა. “წიწაკიან გაზზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც კი ვფიქრობ რაღაც დამატებით საშუალებებზე, რომ თუ რაიმე მოხდა, სიმშვიდე შენარჩუნდეს ხოლმე… საერთოდ, წიწაკიანი გაზი რა არის, არ ვიცი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საპატიმრო ადგილებში თავმოყრილი არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან თბილი, ადამიანური და ჰუმანური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. მათ განაჩენებზე რომ არაფერი ვთქვათ, პატიმრობით გაღიაზიანებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე.
საპატიმრო დაწესებულებებში წესრიგი რომ დასაცავია, ესეც ვიცი. ევროსაბჭოს მონიტორებმა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღფრთოვანებით ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა კარგად მიდის საქმეები ციხეში პატიმრებთან მოპყრობის თვალსაზრისით. ამის იქით, რა ტიპის საშუალებაა დასაშვები, გამოსაყენებელი და წიწაკა წითელი უნდა იყოს თუ მწვანე, ამაზე რამის თქმა მიჭირს. ერთი რამ შემიძლიათ გითხრათ – როდესაც სოზარ სუბარი პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში დაამტკიცა, პირადად მე იმ იმედით, მანდატით, განცდითა და რწემენით დავამტკიცე, რომ ციხეებში უზრუნველყოფდა წესრიგს, იქ მოთავსებული ადამიანების უფლებების დაცვით”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “პატიმრობის შესახებ” კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რაც საპატიმრო დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების მიზნით სპეცსაშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს.