ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან საუბარი ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს შეეხება. “დღეს ჩატარდა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ, პრემიერის ვიზიტის შესახებ კმაყოფილება ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გამოხატა.