ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფელ ფუთის მოსახლეობას შეხვდნენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად გაეცნენ მიმდინარე პროექტს. 2-კილომეტრიანი გზის განახლებას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს და სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ასრულებს.

ზესტაფონი–კიცხი–ხარაგაულის გზიდან  სოფელ ფუთის ეკლესიამდე, 1300 მეტრიან მონაკვეთზე, 4-მეტრიანი განივის, დანარჩენზე კი 3-მეტრიანი განივი გზის აღდგენა,  ბეტონის საფარით ხდება. ასევე, გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა, იქ, სადაც უხვი ნალექის დროს, სისტემატიურად იტბორება გზა და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც გოგოლაძეების უბანში დამეწყრილი გზის მონაკვეთზე არსებობს. გზა ჩაწყვეტილია და მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, ხოლო სრულფასოვანი აღდგენა გეოლოგიური დასკვნის გარეშე შეუძლებელია.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეფერხდება და პარალელურად დაველოდებით გეოლოგიურ დასკვნას. მანამდე კი, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათივე საკარმიდამო ნაკვეთის ხარჯზე, ვეცდებით გავაფართოვოთ გზის ეს მონაკვეთი, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანების, ტრანსპორტისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას“,- განაცხადა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით აბულაძემ.

სოფელ ფუთში, აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები