პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს (ვიდეო)

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცოტა ხნის წინ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ მიაწოდა. მის მიერ გაკეთებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
დღეს ჩვენებას აძლევდა ბრალდებული და როგორც წესი, ბრალდებულები ჩვენების მიცემისას ისეთ საკითხებზე აპელირებენ, რაც მათთვის ხელსაყრელია და რაც მათ დაეხმარება, პასუხისმგებლობას თავი დააღწიონ, – ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოების მხრიდან იმ მაღალ აქტიურობას რასაც ბოლო დღეებში ადგილი აქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ. ხაზი უნდა გაესვას, რომ საზოგადოების ინტერესი ნებისმიერი საკითხის მიმართ, რაც ჩვენს კომპეტენციას განეკუთვნება, ყოველთვის იყო და იქნება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად, კანონის ფარგლებში, ცდილობდა საზოგადოების ინფორმირებას სამართალწარმოების შესახებ, რაც ზოგადად პროკურატურის როლიდან გამომდინარე არ არის მარტივი. აღნიშნულ საქმეზეც დღეს ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, რათა მაქსიმალურად გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომლებიც დღეს აქტუალურია. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, მოქმედებს მთელი რიგი საკანონმდებლო შეზღუდვები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა მსგავსი დანაშაულის გამოძიებასთან მიმართებით ცალსახად მისასალმებელია და მნიშვნელოვანია, ვინაიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა და გამოძიებისთვის ხელის შეწყობა მართლწესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საგამოძიებო ორგანოები აღნიშნული ფაქტის გამოძიების ფარგლებში, პირველივე დღიდან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდნენ ყველა იმ პირს ვისაც აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა. სამწუხაროდ საქმეზე დაკითხული ასზე მეტი მოქალაქიდან გამოძიებასთან რეალურად მხოლოდ რამდენიმე პირმა ითანამშრომლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილით, ქ. თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა და ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ და სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ დ.ს. იყო სკოლის მოსწავლე და არასრულწლოვანი, ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს იგი, ხოლო ლ.დ, ასევე მოკლულ იქნა ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიერ.

ჩადენილი დანაშაულისათვის გ.ჯ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და ჯგუფურად), ხოლო გ.ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ე’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ).

აღნიშნულ საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასწარი გამოძიების ეტაპზე პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალურ ვადაში, კერძოდ 40 დღეში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, კერძოდ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, დაინიშნა და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, ჩატარდა ყველა საჭირო სხვა მოქმედება. შევეცდებით კანონის დაცვით მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შედეგად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა: საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები – ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ბრალდებულ გ.ჯ.-ს შავტარიანი გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა მოკლული დ.ს.-ს და ბრალდებულ გ.ჯ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ). უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ჯ-მ მოკლულ დ.ს.-ს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა.

ასევე ამოღებული იქნა სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნოდა შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე შესაბამისი დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა შემთხვევის ადგილას მყოფი ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეების დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან მსგავსი საგნის არსებობა არ დგინდება.

ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მოკლულების სისხლი, რომელთა განლაგებამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობების კონკრეტული ადგილი.

ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ-ს დანაზე. საქმის ერთერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისთვის ბრალდებულ გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული, ხელსახოცში გადახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა მოკლული ლ.დ.-სა და ბრალდებულ გ.ბ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ), ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე, რომელშიც დანა იყო გადახვეული, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა. უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა.

საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილ ლ.დ.-სა და დ.ს.-ს მიყენებული დაზიანებები (ჭრილობები) თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელთაც გააჩნიათ – ერთ მხარეზე ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეზე ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიების მიერ დაკითხული იქნა ასზე მეტი მოწმე, მათ შორის უშუალოდ ინციდენტში მონაწილე, სკოლის 14 მოსწავლე – მოკლული ახალგაზრდების კლასელები და მეგობრები, რომელთაგანაც სამწუხაროდ ვერც ერთმა ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ, ანდა გამოიყენეს იგი.

ასევე დაიკითხა ჩხუბში მონაწილე ბრალდებულების თანმხლები 4 არასრულწლოვანი, რომლებმაც რეალურად ითანამშრომლეს, გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ და გამოიყენეს. მათი აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ცხელ კვალზე დანაშაულის გახსნა და მკვლელობის ჩამდენი დღევანდელი საქმის ბრალდებულების მხილება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულმა წინასწარი გამოძიების ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება და არ მომხდარა მათი დაკითხვა. მათ სასამართლოს ჩვენება მხოლოდ მათი დაკავებიდან 6 თვის შემდეგ მისცეს, არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე და ამ ჩვენებების სანდოობას პროკურატურა შეაფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში. ასევე დაველოდებით სასამართლოს განაჩენს, სადაც უნდა მოხდეს ამ ჩვენებების შეფასება.

რაც შეეხება დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის საქმეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი (3 ერთი ოჯახიდან). აქედან 3 პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, ორ პირს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და ამავე დროს საქმეზე გრძელდება გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ მედიასივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს ზემოხსენებულ საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალას, რომელიც მტკიცებულების სახით გადაცემულია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში, შესაბამისად სპეკულირებაა იმაზე საუბარი, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერებს მალავდა ბრალდების მხარე. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არის ლ.კ. , რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას. გამოძიებამ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა და დღეს ისინი სასამართლოშია წარდგენილი, ხოლო ლ.კ. სხვა 4 პირთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, იგი 2017 წლის პირველ დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას – დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამასთან საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში შესაბამისი სტანდარტით გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და აღსრულდეს მართლმსაჯულება.

ასევე გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულ მხარესთან და მათ ჰქონდათ სრული წვდომა საქმის მასალებთან. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას დაზარალებულებთან. არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა ჩაგვეტარებინა ყველა ის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელსაც დაზარალებულები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.
იმედს ვიტოვებთ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები