სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ  მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში,  ბრალდებულის   საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  14 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურთან ერთად აქტიურად ახორციელებს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთას. სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარე წელს,  1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის  თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით    აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია 14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება  დაიწყო სისხლის სამართლის  31 საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა  46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნა 25  პირის მიმართ დაიწყო”,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები