შსს-მ 9 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი ამოიღო (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი ამოიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და ათობით ნარკორეალიზატორი დააკავეს.

„ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია 730 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 14 აბი „მეტადონი“. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

პოლიციამ ირანის კიდევ ერთი მოქალაქე დიდი ოდენობით „ჰაშიშის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰაშიში ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,4823 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 10 მაისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 9 კილომდე ჰეროინი, 1 კილო და 200 გრამი კოკაინი, 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი, ასევე, 1 კილო და 700 გრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 850 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები