გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე „დიდგორი 2017-ის“ სასწავლო პროცესს დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ მიმდინარეობს. სასწავლო პროცესს სწავლების ხელმძღვანელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ სამეთაურო-საშტაბო სწავლების მართვის პუნქტი მოინახულა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, გიორგი მათიაშვილმა მას საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართული.
„დიდგორი 2017“ გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავებას, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.