ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრით დაიწყება. პენტაგონში ლევან იზორიას ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლსა და კონგრესში. კაპიტოლიუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელთან, სენატორ ლინდსი გრეიემთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და უწყების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები