წვევამდელებმა შინდისის გმირთა მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის მიღების ცერემონიალი სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან გაიმართა.

წვევამდელებს ფიცის დადება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მიულოცა.

საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ახალწვეულებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და ქვეყნის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს.

სამხედრო ფიცის მიღებამდე წვევამდელებმა ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სამი თვის განმავლობაში საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს. მათ მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში ხორციელდებოდა.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები სახმელეთო ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფებში ტერიტორიული პრინციპის მიხედვით გადანაწილდებიან. ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურში 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები