ფინეთის თავდაცვის მინისტრმა „არმიჰოლში“ საჯარო ლექცია წაიკითხა

„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ – ამ თემაზე ფინეთის თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საჯარო ლექცია წაიკითხა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ფინელი კოლეგის საჯარო გამოსვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებთან, კერძოდ, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საკითხში საქართველო ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობს. მინისტრმა ყურადღება სამხედრო სფეროში ფინელების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და ფინეთთან თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა.

საკუთარ გამოსვლაში იუსი ნიინისტომ ფინეთის უსაფრთხოების საკითხებსა და წვევამდელების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემაზეც ისაუბრა.

საჯარო ლექციას ფინეთის დელეგაციის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლის წარმომადგენლები დაესწრნენ. „არმიჰოლში“, ასევე უსაფრთხოების სექტორის სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ფინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, იუსი ნიინისტო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივი მიაგო, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მოინახულა. ფინეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები