საქართველოს ფინეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა

სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს პირველად ფინეთის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ფინელ კოლეგას იუსი ნიინისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. ფინეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე ფინეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს.

როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტოტალური თავდაცვა იყო. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, ფინეთი ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა, რომელსაც გამართული წვევამდელების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა გააჩნია. იზორიას თქმით, საქართველო მომავალ წელს რეზერვის სისტემის საპილოტე პროგრამის ამოქმედებას იწყებს და ამ მხრივ ფინეთის გამოცდილების გაზიარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.  თავის მხრივ, იუსი ნიინისტომ საქართველოს თავდაცვის უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა გონივრულ გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფინეთი და საქართველო შედარებით მცირე ზომის ქვეყნებია და უსაფრთხოების გარემოში ცვლილებებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

იუსი ნიინისტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან და ფორმატის სხვა წევრ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები