დაშავებული ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად აშშ-ში შეხვედრები გაიმართა

ვაშინგტონში გამართული საზღვაო ქვეითთა მარათონის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა შეხვედრები გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაატა პატიაშვილი აშშ-ის ვეტერანთა დეპარტამენტის კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს რობერტ იეგერს, არასამთავრობო ორგანიზაცია The Rodriguez Group-ის პრეზიდენტს, თავდაცვის მდივნის ყოფილ მოადგილეს ჯეიმს როდრიგესს, ასევე GiveanHour-ის და Change Direction-ის პრეზიდენტს ბარბარა ვან დალენს შეხვდა.

„დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის“ განვითარების კუთხით გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომლებსაც უწყება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის, ასევე რეინტეგრაციის მიზნით ახორციელებს. პაატა პატიაშვილმა ამეიკელ პარტნიორებთან შეიარაღებული ძალების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ასპექტებზე ისაუბრა. ამერიკულმა მხარემ თანამშრომლობის გაღრმავებისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერის მიზნით, აღნიშნული პროექტების ადგილზე დეტალურად გაცნობის სურვილი გამოთქვეს.

Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტმა სტიუარტ ტეილორმა „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს“ ფეხბურთის სათამაშო მაგიდა საჩუქრად გადასცა. ამერიკელების საჩუქარი მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს გადაეცემა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“ მიზნად ისახავს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიებთან, როგორიცაა Azalea Charity, Allied Forces Foundation და სხვა. აქტიური თანამშრომლობა იგეგმება საქართველოს კერძო სექტორთანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები