საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ წვრთნის სერჟანტის კურსის გამოშვება გაიმართა

დღეს, საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ წვრთნის (DRILL) სერჟანტის კურსის გამოშვება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას გენერალური შტაბის წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე დაესწრნენ.
მათ თერთმეტ კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
სწავლება მიზნად მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი წვრთნის (DRILL) სერჟანტების მომზადებას ისახავს, რომლებიც შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირად შემადგენლობას გაწვრთნიან.
ტრენინგი ამერიკული დრილსერჟანტის კურსის ანალოგია და სამწყობრო და ფიზიკური მომზადების ჩატარების მეთოდიკას მოიცავს.
კურსის მსვლელობისას მსმენელებმა ლექციის ჩატარების, სამწყობრო და ფიზიკური მომზადების მეთოდიკა, ასევე პრაქტიკული სროლების ჩატარების მეთოდიკა გაიარეს.
კურსი საქართველოში მეორედ ჩატარდა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები