აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვია
კიბერუსაფრთხოების ბიუროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების დანაყოფისა და J6 დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ.
ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის, 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის მიხედვით განხორციელდა და მიზნად კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.
კიბერუსაფრთხოების ბიუროში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს ბიუროს საქმიანობის, განხორციელებული პროექტების, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა. მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია და ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები განიხილეს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კიბერსწავლების ჩატარების პერსპექტივები.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციამ შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართა.