მომავალი წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისთვის 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო.
წარმოდგენილი გადაწყვეტილების შესაბამისად, მომავალი წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა, ამასთან ერთად, აღნიშნული შეზღუდვა საომარი მდგომარეობის დროს და სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე არ გავრცელდება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზეც იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროცენტული გაანგარიშება, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებლები გააცნო და კომიტეტის კომპეტენციაში შემავალი ძალოვანი უწყებების დაფინანსების პარამეტრები გააცნო.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წლისთვის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 702 მლნ. ლარით, შსს – 605 მლნ. ლარით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის – 123 მლნ. ლარით დაფინანსება იგეგმება. მისივე განცხადებით, მომავალი წლისთვის ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების დაფინანსება კვლავაც გაიზრდება, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად განვითარებისთვის იქნება მიმართული, რაც შეეხება საგარეო ვალს – მათ დასაფარად 760 მლნ. ლარი გამოიყოფა. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ძალოვანი სამსახურების დაფინანსების კონკრეტულ მიმართულებებს შეეხებოდა.
„სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოოდ მიღებამდე ორი თვე რჩება, ამ პერიოდში მოხდება უწყებების ერთობლივი პოზიციების შეჯერება. სახელმწიფოს შეუზღუდავი რესურსები არ აქვს და შესაბამისად, ეს რესურსები ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე უნდა გადანაწილდეს”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების პოზიციებითაც დაინტერესდნენ, რომლებიც მათი სამსახურების მიმართ გამოყოფილი თანხების მიზნობრიობას შეეხებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, კრიზისების მართვის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოკლე მოხსენებები გააკეთეს.
სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს.