ლევან იზორია: სამინისტროს ბიუჯეტი ათი მილიონი ლარით არის გაზრდილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის უწყებისთვის გამოყოფილი თანხის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არა შემცირებული, არამედ ათი მილიონით გაზრდილია. მისივე თქმით, საქართველო ნატოს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული, არა მხოლოდ აკმაყოფილებს, კიდევ უფრო ზრდის კიდეც.
„თავდაცვის ბიუჯეტი არა შემცირებული, არამედ, პირიქით, გაზრდილია. ერთი კონკრეტული პროექტის თანხა, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო ოთხი წლის ვადით გათვალისწინებული, წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს 680 მილიონი იქნება. ასე რომ, ჩვენ ნატოს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული, არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, კიდევ უფრო ვზრდით. ასევე, ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს, რომ შეიარაღებისთვის იყოს 15-დან 20%-მდე მიმართული თავდაცვის ბიუჯეტიდან, დავაკმაყოფილებთ მომავალში. წელს გვქონდა 3-ჯერ მეტი ზრდა ამ მიმართულებით, ამ დამატებითი თანხით კი გვექნება უკვე ამბიცია, რომ ნატოს ამ სტანდარტს თანმიმდევრულად შემდგომი სამი წლის განმავლობაში მივუახლოვდებით“, -აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები