ომბუდსმენმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა
სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში წარგზავნილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. ომბუდსმენი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე და ქაბულის შტაბში შეხვდა და მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები დაათვალიერა.
გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელსაც სახალხო დამცველი ინფორმაციის სახით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიაწვდის.
შეხვედრები გაიმართა ბაგრამის ავიაბაზის მეთაურთან, ნატო-ს სამოქალაქო წარმომადგენლობის დირექტორთან და ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის აღმასრულებელ დირექტორთან.
ისაუბრეს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების და საჩივართა განხილვის მექანიზმებზე, გაეცნენ მათ საქმიანობას და ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის საქმიანობა-გამოცდილებას.
სახალხო დამცველი მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ავღანეთში მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვიზიტის ორგანიზებისა და თანამშრომლობისათვის.
სახალხო დამცველის ოფისი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს ადამიანის დამცველ ინსტიტუტებს შორის, რომელმაც სამშვიდობო მისიებში წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, მონიტორინგის მიზნით.