საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობების გაცნობის შემდეგ, კამპანიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისში საინფორმაციო კამპანიას წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ბროშურები გადასცა. მოსახლეობის კითხვები, ძირითადად, სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო. რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს.
თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონის მოსახლეობას უკვე შეხვდნენ. შემდეგ კი, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები