მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად დღეს გაიხსნება
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად გაიხსნება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ”ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
მათივე ცნობით, ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა მიიღებს მონაწილეობას.
სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
„პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ ხვალიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.