23-ე ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიას ასრულებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას – EUTM RCA ასრულებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიაში მონაწილე მშვიდობისმყოფელების დაჯილდოების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა. სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიელმა გენერალმა, ჰერმან რაისმა მადლობა გადაუხადა და მშვიდობისმყოფელებს სამახსოვროდ „მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ ბელგიის სამეფოს მედლები გადასცა.
სიტყვით მიმართვისას, ბელგიელმა გენერალმა სამხედრო-საწვრთნელი მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ცნობისთვის, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA 31 იანვრიდან ჩაერთო. ქართული კონტინგენტი მისიას 6 თვის განმავლობაში დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო.
ბატალიონის ნაკრებ ოცეულს, რამდენიმე კვირაში, ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ჩაანაცვლებს.