თავდაცვის მინისტრი საერთო საჯარისო ცენტრის იუბილეს დაესწრო
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ ოთხი სამხედრო მოსამსახურე პირადად დააჯილდოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებით შვიდი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ დააჯილდოვეს.
დღესვე, საერთო საჯარისო ცენტრის იუბილე გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
წვრთნისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმის შედეგად, საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. სასწავლო დაწესებულებაში გაერთიანებულია კაპიტნის საკარიერო, მანევრის, საბრძოლო მხარდაჭერის, საბრძოლო უზრუნველყოფის და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სკოლები. ცენტრში პირადი შემადგენლობის მომზადება ტაქტიკურ დონეზე მიმდინარეობს. საერთო საჯარისო ცენტრში უმცროს ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების 77 სასწავლო პროგრამა ხორციელდება.