მინსკში სამხედრო აკადემიის ქართველი კურსანტის, დიმიტრი გვიშიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა
ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონში ბელორუსიის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის ქართველი კურსანტის, დიმიტრი გვიშიანის სახელობის ქუჩა და ბარელიეფი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წევრები, მინსკის აღმასკომის პერვომაისკის რაიონისა და ბელორუსიის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობა, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1999 წლის 29 აგვისტოს სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, დიმიტრი გვიშიანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამდენიმე მგზავრი გადაარჩინა. დიმიტრი გვიშიანს, გარდაცვალების შემდეგ, მიენიჭა ბელორუსიის სახელწიფო ორდენი „პირადი სიმამაცისთვის”. მის სახელს ატარებს ქ. ბრესტის საშუალო სკოლა, ქუჩა და ხეივანი.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიმიტრი გვიშიანის ხსოვნას, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამხედრო აკადემიის უფროსის მოადგილემ, ანდრეი ბასაკმა, ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა, სერგეი ბობრიკოვმა, მინსკის პერვომაისკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ელენა ოსადჩაიამ და საელჩოს კონსულმა, დავით კურტანიძემ. ღონისძიების ფარგლებში შედგა მემორიალური დაფის გახსნა და გვირგვინით შემკობის ცერემონია.