ავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბბინაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.
თბილისის, ფოთის, გურჯაანის და თელავის საჯარო სკოლებში შეგროვებული წერილები ბავშვებმა ჯარისკაცებს ავღანეთში გაუგზავნეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაჰპირდნენ.
„წერილი ჯარისკაცებს” საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე საჯარო სკოლებში შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები