ზესტაფონში უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
„უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტი იძულებულია რადიკალური ღონისძიებები გაატაროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა 10 მაისს მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. რქოსანი პირუტყვი ქალაქის სკვერსა თუ ბაღებში არსებულ ნარგავებს აზიანებდა. უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეებზე გარკვეული სანქციები ამოქმედდება. სანქციები ამიერიდან ყველა მსგავს შემთხვევაზე განხორციელდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით
ბულვარებში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა – პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290 – ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა – პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები