კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
საქართველოს მთავრობის დავალებით, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: იდლეთში, წინარეხში, ლავრისხევსა და გომიჯვარში სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები განახორციელა.
სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს სოფლებში მცხოვრებ 852 ოჯახს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო 30 ათას 634 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ 970 000 ლარი შეადგინა.
გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლოატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014წელს ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25-ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლადაშენებული გაზგამანიწილებლი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბენდელიანმა, “სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა, აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა.