ლევან იზორიამ თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრა გამართა
საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. დღეს, სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული საკითხები შეაფასეს და თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რეგიონულ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ და სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუმ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ დაგეგმილი შეხვედრა ხელს სტრატეგიული კავშირებისა და თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს.
შეხვედრას მინისტრის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქული დელეგაციის წევრები და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუ საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.