ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება.
სამშვიდობო მისიაში გაცილების ცერემონია დღეს მცხეთაში მე-12 ბატალიონის დილოკაციის ადგილას გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო.
პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
გაცილების ცერემონიას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. ღონისძიების დასასრულს კი, პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამხედრო კაპელანმა მამა მოსემ დალოცა. ქართული ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ავღანეთში ამავე ბრიგადის მე-11 ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს და და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ბაზაზე ცენტრალური სარდლობის დაცვას შვიდი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები