აშშ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ლაურა კუპერს შეხვდა.
შეხვედრაზე თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე ისაუბრეს.
ლევან იზორიამ პენტაგონის წარმომადგენელს პოლიტიკური, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება. დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
პენტაგონის წარმომადგენელთან შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და საბრძოლო ცენტრის განვითარებაზე გამახვილდა.
მხარეებმა ერთობლივი, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების შესახებაც ისაუბრეს. მხარეებმა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესზე, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) საქმიანობასა და ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობაზეც იმსჯელეს.
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის წარმომადგენელთან უწყებაში განხორციელებული რეფორმისა და „ახალი სტრატეგიული ხედვის“ შესახებაც ისაუბრა.
„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მომავალში ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც ჩვენს უწყებაში მიმდინარეობს. მომავალში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის დეტალური გეგმა დავგეგმეთ“, – აღნიშნა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პენტაგონის წარმომადგენელმა, აშშ-ის სახელით, ღრმა პატივისცემა გამოხატა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების მიმართ და ქართული კონტინგენტის თანამშრომლობა ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში განსაკუთრებით გამოყო.
„მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რათა სისრულეში მოვიყვანოთ ამერიკული მხარის დახმარება საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში. მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და დაფასება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების მიმართ. იმედი მაქვს, განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებს წარმატებას მოუტანს.
გაკვირვებული ვარ იმ ძლიერი პარტნიორობით, რაც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გააჩნია. ჩემთვის პრივილეგიაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში მეც შემაქვს წვლილი. ერთობლივად ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონტექტსში, საქართველოსთვის ინსტიტუციურ აღმშენებლობას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ლაურა კუპერმა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთ სმისი, საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი ჯასტინ კოლბერტი დაესწრნენ.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლაურა კუპერი, საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად, სენაკში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალსაც დაესწრო.