აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროექტების დაწყებას თავდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან გეგმავს

აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროექტების დაწყებას თავდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან გეგმავს. უწყებაში მომზადებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩაირიცხებიან სერჟანტთა და კაპრალთა ის კატეგორია, რომლებმაც ერთი კონტრაქტი მაინც დაასრულეს და გამოთქვეს სურვილი, იმსახურონ აქტიურ სარეზერვო სამსახურში.
ჩარიცხულ რეზერვისტებს უფლება მიეცემათ, იმსახურონ ერთი ხუთწლიანი კონტრაქტის ვადით, ხოლო შემდეგ სამსახური გააგრძელონ ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ან დაასრულონ აქტიური სარეზერვო სამსახური და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში. როგორც თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, შეიარაღებული ძალების რეზერვის რიცხოვნობა დამოკიდებული იქნება შეიარაღებული ძალების პროფესიული კომპონენტის სტრუქტურაზე.
რაც შეეხება ტერიტორიულ რეზერვს, ის ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეიქმნება. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალების შექმნით, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, იყოლიოს სამხედრო ძალების ის რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებს თავდაცვის ოპერატიული გეგმის მოთხოვნებს, სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე. ტერიტორიული თავდაცვის ძალების ძირითად სამანევრო ერთეულად განისაზღვრება ბრიგადა. ტერიტორიულ რეზერვისტებს გაუფორმდებათ ხუთწლიანი კონტრაქტი, მისი გაგრძელების უფლებით. წვევამდელებს, სურვილის შემთხვევაში, უფლება მიეცემათ, იმსახურონ ტერიტორიული თავდაცვის ძალების შემადგენლობაში და ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლებათ მოხდილად.
აქტიური სარეზერვო სამსახურის კიდევ ერთი კომპონენტია სპეციალისტთა რეზერვი, რომლის დაკომპლექტება მოხდება შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირების, ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე, აქტიური რეზერვის სამსახურის გამოყენებით.
სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს თავდაცვის სამინისტრო ამ წუთებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები