ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები ჩატარდა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საცეცხლე მომზადებაში, პირობითად დაშავებულის პირველად სამედიცინო დახმარებაში და ევაკუაციაში, ასევე, სიტუაციურ და აერომობილურ წვრთნებში გაიარეს მომზადება. სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა.
სამხედრო წვრთნები ქართველ სამხედროებს სისტემატურად უტარდებათ. 32-ე ბატალიონის შტაბის უფროსის განცხადებით, აღნიშნული წვრთნები ქვედანაყოფში საბრძოლო მომზადებისა და მოტივაციის მაღალი დონის შენარჩუნებას ემსახურება. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების ოცეული, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფების მთავარი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა, ასევე, დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლია.