ლევან იზორია: შეიქმნება მუზეუმი, სადაც 1921 წლის თებერვალში მომხდარი ბრძოლის ამსახველი ექსპონატები იქნება თავმოყრილი

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, შეიქმნება მუზეუმი, სადაც 1921 წლის თებერვალში, კოჯრის მისადგომებთან მომხდარი ბრძოლის ამსახველი ყველა ექსპონატი იქნება თავმოყრილი.
იზორია დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თავისუფლების სიმტკიცე მისი დაცვის მაღალ ხარისხშია და ჩვენ მათ მხედრულ ტრადიციებს ვაგრძელებთ, როდესაც მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე. წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს და უფრო უსაფრთხოსა და უფრო მტკიცეს გახდის ჩვენს თავისუფლებას”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის ინიციატივას სანგრის აღდგენის შესახებ, საინტერესოდ მიიჩნევს.
“მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვგეგმავთ შემდეგ წლებში მუზეუმის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ექსპონატი, ყველა ისტორიული მომენტის იდენტიფიცირებას შეძლებს როგორც ტურისტი, ისე, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე, ამის გეგმა გვაქვს და ჩვენი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ღია მუზეუმის სახით, ამას მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები