ახალწვეულებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაიწყეს

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ალგეთის“ პოლიგონზე ახალწვეულები მოინახულეს, რომლებმაც „საბრძოლო მომზადების კურსი“ დაიწყეს. მინისტრი ახალწვეულებს განახლებული საბრძოლო მომზადების პროგრამის შესახებ ესაუბრა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში წარმატება უსურვა. „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და  საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეკრუტები ამ ეტაპზე პოლიგონზე იარაღის გარეშე სამწყობრო ილეთებს ეუფლებიან, შემდეგ კი ჯარისკაცის მოვალეობების შესახებ სალექციო კურსს დაესწრებიან. ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალწვეულთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ, მოინახულეს სამედიცინო პუნქტი და კვების ობიექტი.
უწყების ცნობით, „ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 398 რეკრუტი გადის. გაწვევის პროცესი გრძელდება და „ალგეთში“, საბოლოო ჯამში, 700 ახალწვეულის მომზადება იგეგმება. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს დადებს, ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
კურსის გავლის შემდეგ, ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება. ახალწვეულები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სწავლებაში, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე, შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს.

მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძეც სტუმრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები