დავით რაქვიაშვილი: პრეზიდენტის დავალებით, ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ კონგოში ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს

“პრეზიდენტის დავალებით, ვცდილობთ, დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და ისინი უსაფრთხოდ იყვნენ”, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს კონგოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.
“პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე პრეზიდენტის დავალებით უშიშროების საბჭოს აპარატი, ყველა არხებით, მათ შორის დიპლომატიური არხებით, ვცდილობთ, დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და ისინი იყვნენ უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვით”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაჭრილი სამშვიდობოზეა და მკურნალობას აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში გადის.
სამინისტროს განმარტებით, საგარეო უწყება მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, სიტუაციაში დეტალურად გარკვევისა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით. კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი – სოსო ოსურაული საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები