ლევან იზორია ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
„მინისტერიალის მეორე დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
16 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან, კენეთ ჰენდელმანთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, მათ შორის თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან. ლევან იზორია კოლეგებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, განიხილება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები და საქართველოს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოების განმტკიცებაში.
თავდაცვის მინისტერიალს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. ორი დღის განმავლობაში, თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ალიანსის მიდგომაა. მინისტრები ფოკუსირებას მოახდენენ ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე საფრთხეებზე“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.