შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო. წვევამდელთა შემკრებ-განამაწილებელ პუნქტში ახალწვეულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი დახვდნენ.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ახალწვეულებს გენერალური შტაბის უფროსი პირადად გაესაუბრა და წვევამდელთა სისტემის ახალი პირობების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად და თვისობრივად განსხვავდება. ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან.
სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
განახლებული სამხედრო სავალდებულო სამსახური უზრუნველყოფს წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები