გუდაურში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა.
კურსის დასრულების ცერემონია გუდაურში გაიმართა.
კურსდამთავრებულ სამხედროებს სწავლების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და ლიტვის სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მიულოცეს. დღესვე, კურსდამთავრებულებმა სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს.
სამთო კურსი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, მსმენელები ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოები გაიარეს. ქართველ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებთან ერთად, სამთო სროლებში მონაწილეობა ფრანგმა კადეტებმაც მიიღეს, რომლებიც ერთთვიანი გაცვლითი პროგრამით დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.
მეორე ეტაპზე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარნენ, რომელიც მათ გასულ წელს საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში ათი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის ორი ქართველი, შვიდი ლიტველი და ერთი სომეხი.
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილმა სამხედროებმა თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა შეისწავლეს. კურსის ფარგლებში, მსმენელები დაეუფლნენ გაუკვალავ თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის, გადარჩენისა და ევაკუაციის ტექნიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები