თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
თელავის რაიონული პროკურატურისა და საერთაშორისო ორგანიზაციის – “World Vision კახეთის რეგიონში” ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელშიც თელავის რაიონული პროკურორი ირაკლი ჩაჩანიძე, თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე მაია გუგეშაშვილი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, “თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის კახეთის რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მიერ ბავშვების საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ყველაზე დიდ პრობლემად ბავშვთა შრომა და ნაადრევი ქორწინება დასახელდა. შესაბამისად, დაიგეგმა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ბავშვთა შრომასა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეორგოლების ჩვენება.
თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები – ნაადრევი ქორწინება, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის თემაზე გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.