სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი ჰყავს.16111579_1355255514496938_580282463_n
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
”ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტითაა გათვალისწინებული, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, სამხედრო დისციპლინის განმტკიცების კუთხით, რათა იმ ამოცანების წარმატებით განხორციელება შევძლოთ, რომელიც დასავლეთ სარდლობის მიმართულებით იქნება დასახული“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას. დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამ კი ახალ სარდალს ტრანსფორმაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის თანამდებობა 10 იანვრამდე ვაკანტური იყო. პოლკოვნიკ გიორგი მათიაშვილის კანდიდატურა უმაღლესი საბჭოს მიერ შეირჩა.
”პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. გაერთიანებული სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელ ცენტრში ოცეულის მეთაურად დაიწყო. სხვადასხვა დროს გენერალურ შტაბში, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. დასავლეთ სარდლად დანიშვნამდე კი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე იყო. საქართველოს გარდა, მან სამხედრო განათლება კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც მიიღო”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები