თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალებში შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალ წელს ვაშლიჯვრის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ.
მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი, 2017 წლის დადგომა პირადად მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მთელს საქართველოს და განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებს მივულოცო 2017 წლის დადგომა. ვუსურვო მათ გამთლიანება, გაძლიერება, ოჯახების წარმატება და ყოველივე სიკეთე. რეფორმები, რომელიც უკვე დავიწყეთ და რომლის დაწყებასაც ვგეგმავთ, მინდა მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და თავდაცვისუნარიანობისკენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური ყურადღება იგრძნოს და ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებში. ეს ჩვენი ამოცანაა და ერთობლივი ძალებით ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.