თავდაცვის მინისტრი: „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო
„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღევანდელ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
„უმოკლეს პერიოდში მოხდა იდენტიფიცირება იმ პიროვნებების, ვინც შეიჭრა. დადგენილია მათი შეჭრის მოტივიც. ეს ცალსახად იყო ქურდობა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 25 დეკემბერს გაიმართა ექსპერტიზა და შესაბამისად, მალე დაიწყება საქმის ალბათ არსებითი განხილვა“, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო რომ ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.