ლევან იზორია: ვგეგმავთ გარკვეულ ოპტიმიზაციას გენშტაბის ფარგლებში და სახმელეთო ჯარის სარდლობებში

ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ოპტიმიზაციას როგორც გენშტაბის ფარგლებში, ისე სახმელეთო ჯარის სარდლობებში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, სახმელეთო ჯარების მიმართულებით ყველა დანაყოფი დაკომპლექტდება სამი კლასიკური კომპონენტით და ეს ელემენტები თითოეულ ბრიგადაში იქნება უზრუნველყოფილი.
„ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ოპტიმიზაციას როგორც გენშტაბის ფარგლებში, ისე სახმელეთო ჯარის სარდლობებში. ეს იქნება დაკავშირებული გარკვეულ რეორგანიზაციასთან – ბუნებრივია, გენერალური შტაბის აპარატის ფარგლებში, ხოლო როდესაც სახმელეთო ჯარებზე ვსაუბრობ, აქ მინდა მნიშვნელოვანი რამ გითხრათ, კერძოდ, ის რომ ყველა დანაყოფი დაკომპლექტდება სამი კლასიკური კომპონენტით, როგორიც არის ქვეითი, მექანიზირებული ელემენტი და ჯავშანსატანკო ელემენტი – ეს ელემენტები თითოეულ ბრიგადაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ სად იქნება მათი ლოკაციები.
შეზღუდული ვარ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ უშიშროების კომიტეტის ფარგლებში მექნება შესაძლებლობა. დეკემბერში ჩვენს მთავრობას უნდა წარვუდგინოთ 4 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველ 4 წელიწადში იქმნება. ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს გეგმა და ახლო მომავალში იმედია, უშიშროების კომიტეტის დაინტერესების შემთხვევაში, უფრო კონკრეტულ ინფორმაციებს მოგაწვდით, მათ შორის ჩვენი ბრიგადების, ჩვენი შეიარაღებული დანაყოფების ოპტიმალური ლოკაციების შესახებაც რათა საფრთხეებთან ადეკვატური გამკლავება იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა იზორიამ.
რაც შეეხება სხვა სტრუქტურულ ერთეულებში დაგეგმილ ცვლილებებს, იზორიამ სამხედრო პოლიციის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ იგეგმება საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნა პრევენციული ფუნქციებისგან.
„მინდა განსაკუთრებით ყურადღება მივაპყრო სამხედრო პოლიციას. ჩვენ ვგეგმავთ საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნას პრევენციული ფუნქციებისგან, ვფიქრობთ, რომ სამხედრო პოლიცია უნდა იყოს ერთ-ერთი ნაირგვარობა სამხედრო დანაყოფებისა, ამიტომ როდესაც პრევენციულ ფუნქციაზე ვსაუბრობთ, უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი კეთილსინდისიერი, გამორჩეული სამხედროებით, რომელთაც შენიშვნაც კი არ აქვთ მიღებული თავიანთი მოღვაწეობის განმავლობაში, რათა იყვნენ მაგალითები სხვებისთვის“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები