ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა

ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედრო ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა. ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსა და რეგიონისადმი ინტერესსა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
გემის ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებულ მიღებას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს.
„სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ბევრად წარმატებული ნაბიჯები იდგმება საფრანგეთის მთავრობის ხელშეწყობით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც  შავი ზღვის უსაფრთხოებისკენ არის მიმართული.
„საფრანგეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, როგორც საზღვაო უსაფრთხოების, ასევე საჰაერო უსაფრთხოების ნაწილში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული სამხედრო ხომალდის საქართველოში შემოსვლის შესახებ სექტემბერში საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ ქართულ მხარეს სამთო აღჭურვილობა გადასცა, რომელიც საჩხერის სამთო მომზადების სკოლას გადაეცემა.
ფრანგულ სამხედრო ხომალდს, რომელიც 1981 წელს შევიდა ექსპლოატაციაში, მრავალმხრივი ფუნქცია აქვს და ისეთ ოპერაციებშია ჩართული, როგორიცაა სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ძალების მხარდაჭერა, საზღვაო მონაკვეთების მონიტორინგი, ზღვისიქითა ტერიტორიების საზღვაო მონიტორინგი, სამაშველო ოპერაციები და საზღვაო პოლიცია.
ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები