კაკაურიძე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე: ადმინისტრაციული ხარჯები ყველა სამინისტროში შემცირებულია ან იგივე დონეზეა დატოვებული
ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილი, ყველა სამინისტროში შემცირებულია ან იგივე დონეზეა დატოვებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.
კაკაურიძემ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა.
„მასწავლებლების ნაწილობრივი ხელფასების ზრდა ჩადებულია ბიუჯეტში, რაც შეეხება პენსიებს და ნებისმიერ სხვას, რაც პროგრამაშია გათვალისწინებული, ამ ყველაფერზე ახალმა მთავრობამ უნდა იმსჯელოს, გადაწყვიტოს პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, ისე უნდა აისახოს, უნდა გაიწეროს ოთხწლიან პერიოდზე. 2017 წელს დაიწყება დიდი ნაწილი, თუმცა 3,5 მილიონ დოლარზე იყო საუბარი, რომელიც მხოლოდ გზებზე უნდა დაიხარჯოს. ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ვერ მოხდება. ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილი ყველა სამინისტროში შემცირებულია ან იგივე დონეზეა დატოვებული და ჯამშიც შრომის ანაზღაურების ფონდი არის იგივე რაც 2016 წელს იყო. ასევე მიმდინარე ხარჯები მათ შორის საქონელი და მომსახურება რაც არის, ესეც ყველა უწყებაში შემცირებულია. ერთადერთი, სადაც არის ზრდა, ეს არის თავდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა კაკაურიძემ.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში განხილვა დღეს სრულდება, რის შემდეგაც პროექტი მთავრობას უკან დაუბრუნდება. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განსაზღვრულია 10 მილიარდ 555 მილიონი ლარით.