თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი როტაცია დასრულდა. ბატალიონი ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გააცილა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმსახურებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს მისიის წარმატებით გაგრძელება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან იზორიამ მათ მადლობა გადაუხადა იმ აღიარებისთვის, რომელიც ქართველებმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას მოიპოვეს. ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე, 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გაივლის. 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში მყოფი 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ჩაანაცვლეს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებაა. ავღანეთში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე გაიარეს.
„ამ მისიის შესრულებით ისინი თავიანთ სამშობლოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იცავენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ ღვაწლს. სიამაყის გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები იმ დიდი ქართული საბრძოლო ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რითაც ჩვენ ისტორიულად გამოვირჩეოდით. ჩვენ ამაყები ვართ არა მხოლოდ ჩვენი ისტორიით, არამედ ჩვენი აწმყოთიც და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა. მე გამოვხატავ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ თითოეული ქართველის განწყობას მათ მიმართ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს და პირადად მათ ამ დიდებული საქმისთვის და იმ სახელისთვის, რასაც ისინი ჩვენი ერისთვის ქმნიან“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.