ლევან იზორია : თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანა საფრთხეების შეყოვნებაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტერს. შესაბამისი განცხადება იზორიამ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„შეხვედრა ეხებოდა თავდაცვის განვითარების სტრატეგიას, მთავარი აქცენტია ის, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ვარშავის სამიტზე მიღებული საფრთხეების შეკავების სტრატეგიით. ასევე, აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმით, კერძოდ, საქართველოს მზადყოფნის პროგრამით. ორივე ამ დოკუმენტის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მაქსიმალური მოდერნიზება განიცადოს, რათა იყოს საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, საფრთხეების შემთხვევაში, ჰქონდეს უნარი თავად გაუმკლავდეს მტერს, რომ დავიცვათ თავი, შევძლოთ საფრთხეების შეყოვნება და მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს. სტრატეგია არის თავდაცვაზე, საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, რათა პოტენციურ მტერს არ ჰქონდეს არავითარი სურვილი ასეთი შესაძლებლობების მქონე შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმის განხორციელებისა“, – განაცხადა იზორიამ.