გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT – 2016″ დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT – 2016″ დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტმა და სწავლებაზე მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT – 2016″ დახურვის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი  წვრთნები გამართეს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა სწავლების  მონაწილეებს, საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობა შეაფასა  და აღნიშნა, რომ დღევანდელ უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
“დღეს აქ გაისმა 6 ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნემდე მოიყვანეს ძალიან ძლიერი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი.
დღეს თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვაჩვენეთ. ეს იყო ნამდვილი თანამებრძოლების ერთად ყოფნა ბრძოლაში. ეს იყო ერთი სულისკვეთებით მოქმედი ჯარისკაცების ბრძოლა, რომელიც ნამდვილად მომავალი გამარჯვებების იმედს გვაძლევს.
ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო თქვენი მეგობრული სული.
ეს მეგობრული სული იმარჯვებდა ყოველთვის და მომავალშიც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები მტრისაგან და გარეშე აგრესიისგან.
ღმერთმა არასდროს თქვენი საბრძოლო უნარები რეალობაში არ გამოგაყენებინოთ და ისე დაგაცვევინოთ თქვენი სამშობლო.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, ვისი ჯარისკაცებიც დღეს აქ ერთობლივად იმყოფებიან,” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს.
საერთაშორისო სწავლების „AGILE SPIRIT – 2016″ დახურვის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები