საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზვერავთა ახალი ნაკადი შეემატა
„თანამედროვე ბრძოლის ველის სხვადასხვა ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით გადატვირთვის მიუხედავად, მთავარი გამარჯვების ფაქტორი მაინც ადამიანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ვამზადებთ ისეთ მებრძოლებს, რომლებიც შეძლებენ მოწინააღმდეგეზე ადრე დანახვას, უფრო სწრაფად მოქმედებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი სიძლიერე სწორედ ინდივიდუალური მებრძოლის უპირატესობაშია. ჩვენ მთავარ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ. ამ ბიჭებმა ძალიან რთული მომზადების კურსი გაიარეს. მზვერავის კურსი ყოველთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული, საპატიო და საჭირო სწავლება. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ რაც მთავარია სწორ გზაზე ვდგავართ. მინდა თითოეულ ჩვენს მებრძოლს წარმატება ვუსურვო ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
კურსის დასრულების საზეიმო ღონისძიებას ასევე, წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე, J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ოცეულის მეთაურის რანგში სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმვა და მისი განხორციელება საომარ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. სამხედრო მოსამსახურეებმა ასევე გაიარეს ნავიგაცია, სავარაუდო მოწინააღმდეგის ტაქტიკა, სტრუქტურა და შეიარაღება, კავშირგაბმულობა, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება.
მანავის ბაზაზე გამართული ცერემონია წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.