თავდაცვის მინისტრმა ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა წვრთნების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები დროებით შეჩერებულია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო.
მინისტრის ინფორმაციით, წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორიც გონიოში მოხდა.
”ჩემი თვითმიზანი არის ერთადერთი – თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. მე ამაზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი წვრთნები დროებით შეჩერდეს, მოხდეს სრული მონიტორინგი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები”, – განაცხადა ლევან იზორიამ.